თურნავა: პრივატიზაცია მიმდინარეობს ძალიან დადებითი ტემპით, ეკონომიკის გამოცოცხლება დაწყებულია

407

პრივატიზაცია დადებითი ტემპით მიდის, განსაკუთრებით ადგილობრივი ინვესტორები აქტიურობენ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. საუბარია მთავრობის პროგრამაზე „100 საპრივატიზაციო შეთავაზება ბიზნესს“.

„პრივატიზაცია მიმდინარეობს ძალიან დადებითი ტემპით, ძალიან მაღალია მოთხოვნა და ეს ირიბად მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკის გამოცოცხლება დაწყებულია. სხვაგვარად პრივატიზაციის მიმართ ასეთი მაღალი ინტერესი მიმართ არ იქნებოდა. განსაკუთრებით ადგილობრივი ინვესტორები აქტიურობენ და მზად არიან, სხვადასხვა საინტერესო შეთავაზებაში მიიღონ მონაწილეობა. ძალიან კონკურენტულ გარემოში მიდის პრივატიზაცია. ინტერესდებიან უცხოელი ინვესტორებიც, თუმცა ადგილობრივები უფრო მეტად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში რამდენიმე კვირის წინ გასაყიდად 150-ზე მეტი ობიექტი გამოიტანა. ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილია როგორც ძველი, ასევე ახალი შეთავაზებები.

ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, გასაყიდ ობიექტთა შორის 58 უძრავი ქონება 50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.