გორში კომბინატის დასახლებაში მდებარე სოციალურ საცხოვრისში პირობები გაუარესდა. სარდაფი ფეკალიებით დაბინძურებული წყლით გაივსო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
საცხოვრისში მყოფი ოჯახები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ქვეწარმავლები, მღრღნელები და მწერები მომრავლდნენ და ინფექციური დაავადებები გავრცელდა.
გორის მერიამ 5 მიუსაფარი ოჯახი სოციალურ საცხოვრისში 2018 წელს გადაიყვანა. აღნიშნულ ოჯახებს ორწლიანი ხელშეკრულებები გაუფორმა და ბინების გასაღებები გადასცა.
გორის მერიის ცნობით, ახალმოსახლე ოჯახები სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. 2018 წლის მონაცემებით, 5 ოჯახში სულ 19 სული ითვლებოდა, მათ შორის, 10 მცირეწლოვანი ბავშვი და ისინი ქირით ან მიტოვებულ შენობებში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ.