გორის საკრებულოს წევრები მერის ყოფილ მოადგილეებს საჯარო დებატებში იწვევენ

1355

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ბექა ქორჩილავა და ვასილისა ჯაბახიძე მერის ყოფილ მოადგილეებს საჯარო დებატებში იწვევენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა თანამდებობები გასულ კვირას პოლიტიკური დევნის მოტივით დატოვეს და აღნიშნეს, რომ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში აუცილებლად ჩაერთვებიან.

“ნაციონალური მოძრაობის” გორის ოფისში თვლიან, რომ მათი განცხადებები ბუნდოვანი და არადამაჯერებელია, რადგან მათივე შეფასებით, ეს ადამიანები ბოლო წლების განმავლობაში მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებდნენ, მათი მხრიდან კი არასდროს გამოთქმულა პოლიტდევნილების მიმართ თანაგრძნობის გამომხატველი, ან მხარდამჭერი აზრი. ვასილისა ჯაბახიძე და ბექა ქორჩილავა მერის ყოფილი მოადგილეებისგან პასუხებს შემდეგ საკითხებზე ითოვენ:

რა დამსახურების და კვალიფიკაციის მიხედვით შეირჩნენ თავის დროზე მერის მოადგილის პოზიციაზე?

ხომ არ იყო ეს, ყოფილი გუბერნატორის გიორგი ხოჯევანიშვილის მფარველობის შედეგი?

რა აზრის არიან კორუფციასა და ნეპოტიზმზე?

რით დაამახსოვრეს თავი ამ ადამიანებმა გორის მუნიციპალტეტის მოსახლეობას?

რა გააკეთეს სასარგებლო და საჭირო, რაც მათ პირად დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს?

რას ფიქრობენ ელიჯარაშვილი და ივანიშვილი პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზე, ლარის გაუფასურებაზე, საწვავისა და პროდუქტების გაძვირებაზე?

როგორ ხედავენ გორის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარების გზას?

რა გააკეთეს და რა არ გააკეთეს თანამდებობაზე ყოფნის დროს?

“მიგვაჩნია, რომ მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების მისამართით საზოგადოებაში ამ დრომდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა. სწორედ ამიტომ, მივმართავთ ადგილობრივ მედიასაშუალებებს, დაგვითმონ საეთერო დრო და პირდაპირ ეთერში გავცეთ პასუხი ყველა დასმულ კითხვას”, – აცხადებენ ენმს-გორის ოფისში.