გორში მუნიციპალური ტრანსპორტი ფასიანი 20 მაისიდან გახდება. მგზავრობის ღირებულება 50 თეთრი იქნება.
როგორც ცნობილია, მგზავრები გადახდას შეძლებენ, როგორც ქალაქის სატრანსპორტო ბარათით, ასევე, თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.
“ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია გორის თიბისის ფილიალებში, ასევე, „სპარის” და „დეილის” ქსელურ მარკეტებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით” , – განმარტავენ ბანკში.
მუნიციპალური ტრანსპორტი გორში 8 თებერვლიდან ამუშავდა და 20 მაისამდე უფასოა.
ამასთან, გორის მუნიციპალურ ტრანსპორტში პირველი მგზავრობის საფასურის გადახდის შემდეგ ერთი საათის განმავლობაში აღნიშნული ავტობუსებით განხორციელებული შემდგომი მგზავრობები უფასო იქნება.
“პროექტის მიხედვით დაწესდება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფი თითოეულ მარშრუტზე 50 თეთრის ოდენობით, თუმცა, ამასთანავე განისაზღვრება, რომ პირისთვის, რომელიც მგზავრობს მუნიციპალური ავტობუსების მეშვეობით, პირველი მგზავრობის საფასურის გადახდის შემდეგ 1 საათის განმავლობაში აღნიშნული ავტობუსებით განხორციელებული შემდგომი მგზავრობები უფასო იქნება” , – ვკითხულობთ პროექტში.
აღნიშნულ პროექტს საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს.
გარდა ამისა, გორის მერი გასული წლის ბოლოს აცხადებდა, რომ მგზავრობის ღირებულების განსაზღვრისას, გარკვეული სოციალური ჯგუფები შეღავათებით ისარგებლებდნენ, თუმცა ეს საკითხი ჯერჯერობით ისევ იდეის დონეზეა და მისი განხილვა უახლოეს საკებულოს სხდომაზეც არ არის დაგეგმილი.
“ქუთაისში მერიის მიერ დადგენილი გარკვეული სოციალური კატეგორიის ჯგუფებში შემავალი პირებისთვის პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათებით გადახდისას მოქმედებს მგზავრობის შეღავათიანი ტარიფი (ნულოვანი ან განახევრებული ტარიფი- 20 თეთრი) გორში ტრანსპორტში გადახდიდან 1 საათი მგზავრობა არის უფასო. ამ ეტაპზე გორში შეღავათიანი ტარიფი არ მოქმედებს”,-განმარტავს თიბისი.