ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დმანისში ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არ იყოს წარმოჩენილი როგორც ეთნიკური დაპირისპირება.
„საკმაოდ სამწუხარო ფაქტი მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულია. მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ვიცით, რამდენიმე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პრაქტიკულად ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არ იქნას წარმოჩენილი როგორც ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება, რაც აბსოლუტურად მიუღებელი იქნება,“- განაცხადა თურნავამ.
დმანისში დღეს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირებაში მონაწილე ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გარღვევა მოახერხეს, ისინი ერთმანეთს ხელკეტებითა და ქვებით გაუსწორდნენ.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 5-მდე პირი, რომელთა შორის ერთი სამართალდამცავიცაა.
დაკავებულების რაოდენობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინაც მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებოდნენ.