,,ლელომ” თბილისის ადგილობრივი ორგანიზაციების არჩევნები დაიწყო.
“პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“, როგორც თანამედროვე, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა, პოლიტიკაში სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.
აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებას და პარტიის ყველა დონის მმართველი ორგანოს და ლიდერის აირჩევას უშუალოდ პარტიის წევრების მიერ ადგილობრივი რაიონული ორგანიზაციების კონფერენციებზე.
შიდაპარტიული, ანუ თანამონაწილეობითი დემოკრატია არის პოლიტიკურ მეთოდთა და პროცედურათა ერთობლიობა როდესაც, პარტიული გაერთიანების ყველა წევრს აქვს თანაბარი შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ორგანიზაციის მართვაში. პოლიტიკური ლიდერები დაქვემდებარებულები არიან აქტივისტებზე და მათ გადაწყვეტილებებზე და არა პირიქით, ვითარდება შიდა კონკურენცია, რომლის საშუალებითაც პარტიის წევრებს ეძლევათ შანსი თვითონ გახდნენ პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების მმართველი ორგანოების წევრები და საკუთარი იდეები განახორციელონ.
შიდაპარტიული დემოკრატია ნიშნავს, რომ უზრუნველყოფილი იქნება წევრთა თანასწორობა, დამკვიდრდება როტაციის პრინციპი; აუცილებლად გათვალისწინებული იქნება გენდერული კვოტირება; უზრუნველყოფილი იქნება პროცესის გამჭვირვალობა; მოხდება პარტიის მართვის დეცენტრალიზაცია;
რაც მთავარია, მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, უკვე დამკვიდრებული ტენდენციაა შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებით პარტიის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების არჩევა. ფუნქციონირებადი დემოკრატია თავისთავად ნიშნავს თანამონაწილეობით დემოკრატიას!
პირველ ეტაპზე კონფერენციები ჩატარდება თბილისის 10 რაიონში. შესაბამისი ადგილობრივი ორგანიზაციების წევრები აირჩევენ მმართველ გამგეობებს არანაკლებ – 5 და არაუმეტეს 7 წევრის შემადგენლობით. გამგეობები თავისი რიგებიდან აირჩევენ თავმჯდომარეებს.
ადგილობრივი ორგანიზაციების გამგეობები აირჩევიან ერთი წლის ვადით.
გამგეობის შემადგენლობაში აუცილებლად აირჩევიან ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების თითო-თითო წარმომადგენელი.
სწორედ ეს გამგეობები იქნებიან ძირითადი რგოლები, რომლებიც დაგეგმავენ და წარმართავენ ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას, მიიღებენ გადაწყვეტილებებს, აქტიურად ჩაერთვებიან დედაქალაქის და რაიონების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, გავლენას იქონიებენ, როგორც პარტიის ძირითადი სტრატეგიის შემუშავებაზე, ისე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე”, – განმარტავენ ლელოში.