გურჯაანში სტიქიისგან დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება დაიწყო. სახლების გადახურვა პირველ ეტაპზე, სოფელ კაჭრეთში მიმდინარეობს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, სამუშაოები უმოკლეს დროში დასრულდება.
“სოფელ კაჭრეთში უკვე დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები და აქტიურად მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმოკლეს დროში მოხდა თანხის გამოყოფა და სამუშაოების დაწყება, რისი პირობაც მოსახლობას სტიქიის მოსვლის დღეს მივეცით. ახლა, ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად მოკლე ვადაში და რა თქმა უნდა ხარისხიანად შესრულდეს სამუშაოები,”- განაცხადა ხანდამაშვილმა, რადიო ჰერეთთან.
მთლიანად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სულ 201 სახლის სახურავი შეკეთდება. აქედან 165 კაჭრეთში, 30 ზემო კაჭრეთში, 4 ჯიმითში, ხოლო 2 ნანიანში.
დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციისათვის, ცენტრალური ბიუჯეტიდან 2.5 მილიონი ლარი გამოიყო.
შეგახსენებთ, ძლიერი სეტყვა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 30 აპრილს მოვიდა და საცხოვრებელი სახლების გარდა, სასოფლო- სამეურნეო სავარგულები დააზიანა.