18 მაისიდან კახა კალაძე დედაქალაქის მოსახლეობას 7 მიმართულებაზე პრეზენტაციებს წარუდგენს

301

მე მინდა, 18 მაისიდან დედაქალაქის მოსახლეობას წარვუდგინო ერთგვარი ანგარიში 7 მიმართულებაზე, რომელიც ჩვენ თბილისელებს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარვუდგინეთ, თუ რა პროექტები განხორციელდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 7 მიმართულება არის ის 7 პოლიტიკა, რომლის პროექტების განხორციელებას იგი დედაქალაქის მოსახლეობას 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დაჰპირდა.

„ჩვენ თითო კვირას დავუთმობთ თითო პოლიტიკის წარდგენას და საზოგადოებას წინასწარ მივაწოდებთ ინფორმაციას, თუ რომელ მიმართულებაზე გვექნება პრეზენტაცია. ეს იქნება ერთგვარი ანგარიში ჩვენი მხრიდან თბილისის მოსახლეობის მიმართ. ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ გამოვირჩეოდით აქტიურობით და ყოველთვის ვცდილობდით, მიგვეწოდებინა სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა პროექტები ხორციელდება“, – განაცხადა მერმა.