თავიდან სხვა რიხით დაიწყეს, ბოლო პერიოდში კი რეგიონებში დადიან და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ისინი არიან „ქართული ოცნების” ვარიანტი ბ, ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა გახარიას გუნდზე საუბრისას განაცხადა.
მან დეპუტატ გიორგი ხოჯევანიშვილის ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ ადამიანებმა, ვისზეც ხოჯევანიშვილი საუბრობს, რომ მუნიციპალიტეტებში მერებმა მათ ზეწოლით დაატოვებინეს თანამდებობები, რეალურად საქმეს არ აკეთებდნენ და დაკავებულნი იყვნენ კონკრეტული პარტიის აგიტაციით. ამასთან, სუბარის თქმით, მერის მოადგილის პოსტი პარტიული თანამდებობაა და ზეწოლად ვერ ჩაითვლება თუ მათ უთხრეს, რომ თანამდებობა უნდა დატოვონ, ხოლო თუ სხვა ტიპის ზეწოლაზეა საუბარი, ეს კანონით ისჯება.
„რამდენიმე პირმა დატოვა თანამდებობა და რამდენიმე კიდევ გაათავისუფლეს, გაათავისუფლეს იმიტომ, რომ როგორც გამათავისუფლებლებმა განმარტეს, ეს ადამიანები საქმის კეთებას შეეშვნენ ბოლო პერიოდში და გადასული იყვნენ კონკრეტული პარტიის თუ კონკრეტული პირის აგიტაციაზე და საქმე არის გასაკეთებელი უამრავი. მერის მოადგილე არის ზოგადად პარტიული თანამდებობა და შესაბამისად, არჩევანი უნდა გააკეთონ: ან საქმე აკეთონ ან თავის პარტიულ საქმიანობას მიხედონ და ოდესმე თუ ეღირსებათ, რაც არ მოხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ექნებათ საშუალება იყვნენ მერებიც, მოადგილეებიც და პარლამენტის თავმჯდომარეებიც. რაც შეეხება „დასასრულის დასაწყისს” – თავიდან სხვა რიხით დაიწყეს ამ ადამიანებმა, თუმცა, ბოლო პერიოდში მიხვდნენ, რომ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ და ძალიან სამარცხვინო კამპანია დაიწყეს – ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ რეგიონებში დადიან და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ისინი არიან „ქართული ოცნების“ ვარიანტი ბ, ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა, ამით ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას,”- განაცხადა სუბარმა.
ცნობისათვის, გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერის მოადგილეებზე ზეწოლა მოხდა და ამ მეთოდით პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული.