არ მგონია, რომ დღეს უნდა ვლაპარაკობდეთ დედაქალაქის მერობის ერთიან კანდიდატსა და ერთიან სიაზე, პირიქით, ეს ის არჩევნებია, სადაც მრავალფეროვნება გადამწყვეტი იქნება, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი საკითხი ამ არჩევნებზე არის რეფერენდუმი, რომელზეც შარლ მიშელის დოკუმენტით შევთანხმდით.
„მთელმა ოპოზიციამ კოორდინირებულად უნდა იმუშაოს და ერთი კამპანია აწარმოოს – ვინც ხმას „ქართულ ოცნებას“ არ აძლევს, მხარს დაუჭერს რიგგარეშე არჩევნებს. ეს უნდა იყოს ერთიანი კამპანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს მერობის ერთ კანდიდატს ან ერთიან სიას. პირიქით, მრავალფეროვანი არჩევანი უნდა იყოს“, – განაცხადა სამნიძემ.
კითხვაზე, ბადრი ჯაფარიძე განიხილება თუ არა საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ამაზე კონსულტაციები ჯერ არ ყოფილა.
„ოპოზიციურ პარტიებს შორის ამ თემებზე კონსულტაციები არ ყოფილა, თუმცა ველოდები, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ მსჯელობა უნდა დავიწყოთ. მგონია, რომ ნიკა მელია ამ საერთო კამპანიაში მონაწილეობის თვალსაზრისით დიდ წვლილს შეიტანს და ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ფიგურა იქნება კამპანიაში, რომელიც რიგგარეშე არჩევნების მოპოვებას ეხება“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
10 მაისს სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლა.
შემოდგომაზე საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.