თბილისის მერია ნაგვის დამყრელი პირების გამოსავლენად ფოტოხაფანგებს ყიდულობს

699

თბილისის მერია დაბინძურების ფაქტების აღსაკვეთად 30 ფოტოხაფანგს შეიძენს. ხაფანგებს მერია მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურისთვის ყიდულობს, რისთვისაც 75 ათას ლარის ოდენობის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

როგორც თბილისის მერიაში On.ge-ს უთხრეს, დიდ მანქანებს გარკვეულ ტერიტორიებზე სამშენებლო ნარჩენები შეაქვთ და გარემოს აბინძურებენ, ხოლო დარღვევის გამოვლენისთვის ფოტოხაფანგების დამონტაჟება გადაწყვიტეს. დამზუსტებელ კითხვაზე კითხვაზე მერიაში აღნიშნეს, რომ ახალი სისტემა ქუჩაში გამვლელების მიმართ გამოყენებული არ იქნება.

შესყიდვის ტექნიკურ პარამეტრებში მითითებულია, რომ ფოტოხაფანგს ავტომანქანის სანომრე ნიშნის გადაღება დღე-ღამის განმავლობაშ უნდა შეეძლოს. ასევე, აპარატურას უნდა შეეძლოს არანაკლებ 80კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის სანომრე ნიშნის გარკვევით გადაღება ხარვეზების გარეშე.

ობიექტის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები:

  • განათების ტიპი: ინფრაწითელი ადამიანის თვალისთვის უხილავი.
  • სურათის დეტალი: დღისით ფერადი, ღამე მონოქრომული ინფრაწითელი ან უკეთესი.
  • დანახვის მანძილი: არანაკლებ 30 მეტრი.
  • აღნიშნულ ფოტოხაფანგს დღე/ღამის პირობებში უნდა შეეძლოს არანაკლებ 80კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის სანომრე ნიშნის გარკვევით გადაღება ხარვეზების გარეშე.
  • მეხსიერების ბარათის მხარდაჭერა: 512 გიგაბაიტის ჩათვლით ან უკეთესი.
  • სურათის ინფორმაცია: დრო, თარიღი, მომხმარებლის ეტიკეტი.
  • ელემენტის სიცოცხლისუნარიანობა: არანაკლებ 50,000 სურათამდე ან 1 წელი.