ვინც მარტვილში აიცრება, ერთ-ერთი სასტუმრო უფასოდ მოემსახურება

542

საოჯახო სასტუმრო მარტვილა მათ, ვინც 17-24 მაისის შუალედში მარტვილში ვაქცინაციაზე დარეგისტრირდება, სასტუმროში უფასოდ განთავსებას სთავაზობს.

როგორც სასტუმრო წერს, ამ ფორმით სურთ, ვაქცინაციის პოპულარიზაციაში მოკრძალებული წვლილი შეიტანონ.

“ბოლო დროს ხშირად ვაწყდებით პოსტებს სოციალურ ქსელებში, სადაც ადამიანები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ვერ რეგისტრირდებიან სინოფარმის ვაქცინაციაზე, რადგან უკვე ყველგან დაჯავშნილია ადგილები.

გუშინ ჩვენც დავრეგისტრირდით მარტვილის ევექსის კლინიკაში ვაქცინაციაზე და აღმოვაჩინეთ, რომ 17-24 მაისის შუალედში არის თავისუფალი ადგილები.
ვინაიდან პანდემია და მისგან გამოწვეული კოვიდ-19 არის ჯერჯერობით უდიდესი პრობლემა როგორც ჩვენთვის ასევე მთელი მსოფლიოსთვის, ვაქციანაცია არის ჯერჯერობით ერთადერთი გონივრული გამოსავალი არსებული სიტუაციიდან.

ძალიან გვინდა, ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ არსებული პრობლემის დაძლევაში, ასევე, ვაქცინაციის პოპულარიზაციაში. შესაბამისად, მივმართავთ ადამიანებს ვისაც უნდა ვაქცინაცია: ვინც დარეგისტრირდებით ვაქცინაციაზე მარტვილში 17-24 მაისის შუალედში, ჩვენის მხრივ გთავაზობთ უფასო განთავსებას მარტვილში (მაქს 4 ადამიანი ერთ ჯერზე) საოჯახო სასტუმროში, ასევე მოგემსახურებით როგორც გიდი და დაგათვალიერებინებთ მარტვილს, რა თქმა უნდა ესეც უფასოდ. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 577508090″, – წერს სასტუმრო.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.