პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში აჭარის რეგიონში შემდეგი პროექტები განხორციელდება: ბათუმი – მწვანე კორიდორი გმირთა ხეივანში; ქობულეთი – ქობულეთის სანაპირო ზოლი (მდ. აჭყვადან მდ. კინტრიშამდე); ქედა – ქედის ცენტრალური ტერიტორია (ადმინისტრაციული ცენტრი); შუახევი – კულტურის ცენტრი და მიმდებარე ტერიტორია; ხულო – მემედ აბაშიძის ქუჩა, რუსთაველის და ტბელ-აბუსერიძის ქუჩები; ხელვაჩაური – მუნიციპალიტეტის სხვადასხვა მდებარეობებზე არსებული სკვერები და ბავშვების გასართობი ადგილები.
ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის თქმით, ბათუმში უპრეცედენტო მწვანე დერეფანი მოეწყობა, ქობულეთში კი გაშენდება ბულვარი, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა როგორც რეკრეაციული სივრცე, ასევე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა.
„ქალაქ ბათუმში უპრეცედენტო მწვანე დერეფანი მოეწყობა, რომელიც პერპენდიკულარულია არსებული ბულვარის და ფაქტობრივად პირველი, უკვე სივრცეში შეჭრილი ბულვარი, მწვანე სივრცე შეიქმნება. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არსებული განაშენიანების რეკრეაციული კუთხით უზრუნველყოფას, ასევე უბიძგებს ახალ განაშენიანებებს, კიდევ უფრო ინტენსიურად განვითარდეს.
ქობულეთს აქვს ძალიან საინტერესო პროექტი ბულვარის მოწყობასთან დაკავშირებით იქ, სადაც დღეს რეალურად არაფერი არაა და ამავდროულად, ძალიან დიდი პოტენციალია. ძალიან საინტერესო კონცეფცია იქნება ბულვარის, რომელიც იქნება დახუნძლული გარდა რეკრეაციული სივრცისა, ასევე სპორტული გამაჯანსაღებელი და სხვა ფუნქციური ელემენტებით.
საინტერესო პროექტია წარმოდგენილი ასევე ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ. იმედი გვაქვს, რომ კვალიფიციური არქიტექტურული და ურბანული კომპანიები მოახერხებენ, რომ აღნიშნული მდებარეობა თვისობრივად ბევრად უფრო საინტერესოდ და ახალი შესაძლებლობებით დაიხუნძლოს“,- განაცხადა ქარსელაძემ.