ქუთაისში, ავტოპარკის მშენებლობაზე პასუხისმგებელი კომპანია, სამუშაოების დასრულების ვადის მეექვსედ გახანგრძლივებას ითხოვს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
შპს “სქაიჰაუსს”, ხელშეკრულების მიხედვით, ავტოპარკის მოწყობა 8 თვეში უნდა დაესრულებია, თუმცა, სამუშაობი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.
ვადის რამდენჯერმე გახანგრძლივების მიუხედავად, უცნობია, როდის გაიხსნება ქუთაისის ავტოპარკი, რომელიც ბიუჯეტს 2 695 875 ლარი უჯდება.
ქუთაისის მერია კომპანიისთვის სამუშაოების კიდევ ერთხელ გადავადებაზე უკვე მსჯელობს. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილე მირზა ხიდაშელი ამბობს, რომ კომისია გადაწყვეტს კიდევ რამდენ დროს დაუმატებენ “სქაიჰაუსს”.
“შემოტანილი აქვს წინადადება სამუშაოების ვადის გაზრდასთან დაკავშირებით და ითხოვს 31 მაისის ჩათვლით გახანგრძლივებას. გარდა ამისა, კომპანია აპელირებს ფასებზე და ამბობს, რომ პროცესი გაჭიანურდა იმის, გამო რომ ბაზარზე ფასებმა მოიმატა. მიმდინარეობს საკითხზე მსჯელობა, მათ შორის, მოხდება გამოკვლევა როგორი მდგომარეობაა სხვა კონკურენტი კომპანიების შემთხვევაში და კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას. სატენდერო ღირებულების გაზრდაზე არ არის მსჯელობა. საუბარია, ვადის გაზრდაზე, თუმცა, გადაიწევს თუ არა ეს დრო 31 მაისამდე, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის”, – განაცხადა მირზა ხიდაშელმა.
ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სამუშაოების ბოლო ვადის ამოწურვაში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ ვიდრე კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულების მოქმედების დრო არ დასრულდება, მასში ცვლილების შეტანა, მათ შორის, სამუშაოების გახანგრძლივების შესახებ, შესაძლებელია.
დარღვეულ ვადებზე საუბარი არ სურს კომპანიის დირექტორს. იოსებ მახვილაძე ამბობს, რომ სამუშაოები ვადების დაცვით მიმდინარეობს.
“არანაირი დარღვევა არ მაქვს. ყველაფერი ეტევა ვადებში”, – ამბობს იოსებ მახვილაძე.
ქუთაისის მერიამ შპს “სქაიჰაუსთან” ხელშეკრულება გასული წლის 7 აპრილს გააფორმა. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიას სამუშაოები რვა თვეში, 2020 წლის 8 დეკემბერს უნდა დაესრულებია, თუმცა, წელიწადზე მეტი უკვე გავიდა და ახალი ავტობუსებისთვის ინფრასტრუქტურა ჯერ ვერ მოწესრიგდა.
თავდაპირველად სამუშაოები ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინის გამო გადავადდა. მოგვიანებით კომპანიამ მერიას ისევ მიმართა და ვადის გაზრდა “ენერგო პრო ჯორჯიას” გადამცემი ხაზის გადატანის მიზეზით მოითხოვა. მერიამაც “სქაიჰაუსს” დრო 28 თებერვლამდე გადაუწია. ამის შემდეგ შემსრულებელი უკვე საავანსო თანხის გაორმაგებას ითხოვს, რის მიზეზადაც ძვირადღირებული დანადგარების შეძენას ასახელებს. მერია ამაზეც თანხმობას აცხადებს და კომპანიას ხელშეკრულების ღირებულების 40%-ს უპრობლემოდ უხდის, რამაც ერთ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. “სქაიჰაუსი” ამის შემდეგაც ითხოვს სამუშაოების გადავადებას. მერიამ ხელშეკრულებაში შეტანილი მეთოთხმეტე ცვლილებით, ავტოპარკის მოწყობის ბოლო ვადად 21 აპრილი განსაზღვრა, თუმცა, “სქაიჰაუსმა” სამუშაოების დასრულება ვერც ამ ვადაში შეძლო.
კომპანია, რომელმაც რვა თვეში შესასრულებელი სამუშაოები წელიწადზე მეტია ვერ დაასრულა, ხელშეკრულების 40% კი წინასწარ უკვე აღებული აქვს, მერიას არც კი დაუჯარიმებია.
ქუთაისში ახალი ავტობუსები მიმდინარე წლის 8 თებერვალს გამოჩნდა. სატრანსპორტო საშუალებები, ავტოპარკის არარსებობის გამო, ამ დრომდე “ტორპედოს” ბაზაზე დგებიან.