ჭალიძე: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვების რაოდენობა 41 155-ით გაიზარდა და ბოლო მონაცემებით, 192 962-ს შეადგენს

587

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, ქვეყანაში ღარიბი ბავშვების რაოდენობა გაიზარდა. მათი ცნობით, ბოლო 15 თვის განმავლობაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვების რაოდენობა 41 155-ით გაიზარდა და ბოლო მონაცემებით, 192 962-ს შეადგენს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების რაოდენობა გაიზარდა ყველა რეგიონში, თბილისში – 11 340-ით, თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი ბავშვია სიღარიბის ზღვარს მიღმა იმერეთში, ქვემო ქართლში, კახეთსა და აჭარაში.

„საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. თუმცა საარსებო შემწეობის ოდენობა (მაქსიმუმ 60 ლარია, ბავშვების შემთხვევაში დამატებით 50 ლარი, საიდანაც რიგ მუნიციპალიტეტებში 30 ლარი კვების ბარათზე ირიცხება) ვერ პასუხობს დღეს არსებულ გამოწვევებს. საკვებ პროდუქტზე არსებული ფასების ზრდა განსაკუთრებით მძიმედ სწორედ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე აისახება. აუცილებელია, მთავრობამ იზრუნოს ამ მიმართულებით და დღის წესრიგში დადგეს ე.წ. „ახალი ღარიბების“ საჭიროებების შესწავლაც და ამის მიხედვით კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგას,” – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ.