რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, რეგიონებში მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობის პროცესს გაეცნო. მინისტრის განცხადებით, პროექტის დასრულება წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.
„გეგმის მიხედვით მიმდინარეობს მშენებლობა, პარალელურად კი კულტურის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ მუზეუმის შინაარსობრივ ნაწილზე. საექსპოზიციო სივრცეების გარდა, აქ იქნება საკონფერენციო, მულტიფუნქციური მედიათეკა, საცავები და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა. წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი პროექტის დასრულება, თუმცა მუნიციპალური განვითარების ფონდი და კონტრაქტორი მუშაობენ ვადების ოპტიმიზაციაზე“ , – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
უწყების ინფორმაციით, ონის მუზეუმი 1984 წელს გაიხსნა, მაგრამ 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ შენობა პრაქტიკულად გაანადგურა.
„ახალ მუზეუმში დაიდებს ბინას მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველ-ბეჭდური და ხელნაწერი წიგნები, ფოტომასალები, ისტორიული საბუთები და მცირე კოლექციები, ეკლესიის რელიეფები და ლაპიდარული წარწერებიანი ქვები. მუზეუმში სულ 14 000 ძირითადი და დამხმარე ექსპონატი გამოიფინება”,- განმარტავენ სამინისტროში.