ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ფაროსანასგან დაზარალებული მოსახლეობის ხელმოწერები მთავრობას გადასცა

618

აზიური ფაროსანასგან დაზარალებული მოსახლეობის 4 100 ხელმოწერა „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მთავრობის ადმინისტრაციაში მიიტანა. ხელმოწერებს თან ერთვის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სახელზე შედგენილი წერილი, რომლის თანახმადაც, ზარალის დათვლას და ანაზღაურებას ითხოვენ.

ლელა ქებურიას თქმით,  რომ პირველ რიგში მთავარია დაიწყოს საუბარი კომპენსაციაზე, რის შემდეგაც შეთანხმდნენ, თუ რა სახით მოხდეს მისი გაცემა.

„ჩვენ ვითვლით შარშანდელ მოსავალს, რაც იყო სამეგრელოს რეგიონში. ამ მოსავლის მინიმალურ სამ ლარზე გამრავლება უნდა მოხდეს და ეს თანხა გამოიყოს მინიმუმ ბიუჯეტიდან. ეს იქნება მცირედი თანადგომა მოსახლეობისთვის. 15 ათას ტონამდე იყო მოსავალი შარშან სამეგრელოში. სადღაც 45 მილიონი სჭირდება ამ სახით გაცემულ კომოპენსაციას“, –  აღნიშნა ლელა ქებურიამ.

ჩვენი კითხვის პასუხად, აქვს თუ არა შესაბამისი რესურსი დღეს სახელმწიფოს, მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ კი, რადგან სამინისტროებში ყოველთვიურად 320 მილიონი ლარის პრემია გაიცემა.

„ლარიზაციის პროგრამიდან 60 მილიონამდეა მორჩენილი. ბიუჯეტში არის ძალიან ბევრი ისეთი თანხა, რომელიც დღეს არამიზნობრივად იხარჯება“, – აღნიშნა მან.

სამეგრელოს მოსახლეობას თხილის, სიმინდის თუ სხვა პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი აზიურმა ფაროსანამ გაუნადგურა. სახელმწიფო ამ დრომდე აცხადებს, რომ მათ ზარალის ანაზღაურების რესურსი არ აქვთ და კომპენსაციის საკითხი დღეს არ განიხილება.

წყარო: ლაივპრესი