სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში მარნეულის მერიის შშმ პირთა ინტეგრაციის წესიც მოხვდა

390

თანასწორობის პრინციპებთან თვითმმართველი ორგანოების სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შესაბამისობის სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში მარნეულის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის წესიც მოხვდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

სპეციალურ ანგარიშში სახალხო დამცველი წერს, რომ აღნიშნული წესით, რომლის მიზანიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებში ჩართვაა, სარგებლობა მხოლოდ შშმ პირის სტატუსის მქონე მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია. აღნიშნული წესის მიხედვით მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე პირები სერვისის ბენეფიციარები ვერ გახდებიან, რაც სახალხო დამცველის შეფასებით არსებითად თანასწორ ჯგუფებს შორის დიფერენცირებას ახდენს.

“მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებსა და საქართველოს მოქალაქეებს მსგავსი საგადასახადო ვალდებულებები აქვთ სახელმწიფოს წინაშე. შესაბამისად, ბიუჯეტიდან დაფინანსებული სოციალური თუ ჯანდაცვის პროგრამა თანასწორად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ამ პირებისათვის. აქედან გამომდინარე, პირადობის მოწმობის ან/და საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების მოთხოვნა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობისთვის, დაუსაბუთებელია, ვინაიდან ეს წესი მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე პირებს გამორიცხავს სარგებლის მიღებიდან. ამასთანავე, გარკვეული პროგრამების შეთავაზება ბინადრობის მოწმობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვა საფუძვლით მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე პირებს, რომელთაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში

სახალხო დამცველი ასევე აცხადებს, რომ კვლევამ ცხადჰყო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამების ნაწილი მოსარგებლეთა წრის განსაზღვრისას სქესის, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის, ქორწინების სტატუსის და სხვა ნიშნით დისკრიმინაციულ კრიტერიუმებს იყენებს, რის შედეგადაც, რიგი ჯგუფები პროგრამით სარგებლობის მიღმა რჩებიან.