ქარსელაძე: წლის განმავლობაში ხელშესახები იქნება ყველა ის სარგებელი, რაც პროგრამის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში განხორციელდება

535

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში ხელშესახები იქნება ყველა ის სარგებელი, რაც პროგრამის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში განხორციელდება.

როგორც ქარსელაძემ პროგრამის ფარგლებში ამბროლაურში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მუნიციპალიტეტებიდან ისმენენ ინიციატივებს იმ შესაძლო არეალთან და პროექტებთან მიმართებით, რომლის განხორციელებაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდება.

„საინტერესოდ მიმდინარეობს მსჯელობა. საინტერესო არეალია წარმოდგენილი, რომლებიც უკავშირდება როგორც რეკრეაციულ, ასევე ფუნქციური სივრცეების მოწყობას, ასევე, ახალი ელემენტების გაჩენას მუნიციპალიტეტის რეალობაში, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნული მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, ვიზიტორებისთვის. იმ დიდ პოტენციალს, რომელსაც ეს მხარე ატარებს, არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მიეცემა შემდგომი განვთარებისთვის. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც რეგიონში ხორციელდება და რომლებიც მნიშვნელოვან მუხტს მისცემს საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელ გზას. ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ონის სტიქიის შემდეგ დაიწყო, აქტიურ ფაზაშია შესული. რეალურად მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე ხელშესახები იქნება ყველა ის სარგებელი, რომელიც პროგრამის განხორციელების შედეგად სოციალურ-ეკონომიკურ ჭრილში შესაბამისი მხარისთვის იქნება წარმოდგენილი”,- განაცხადა ქარსელაძემ.