გორის მერია: გორიჯვარზე მომლოცველებს ასვლა მხოლოდ ქვეითად შეეძლებათ

289

6 მაისს გიორგობის დღესასწაული აღინიშნება. გორში გორიჯვრობასთან დაკავშირებით სალოცავზე ასვლის შემთხვევაში მოქალაქეებს პანდემიიდან გამომდინარე, რეგულაციების დაცვა მოუწევთ.

“ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, გორიჯვრის მთაზე დღეს მომლოცველები მხოლოდ ქვეითად შეძლებენ ასვლას. შეზღუდულია ავტომანქანების გადაადგილება და მოძრაობას სამართალდამცავები მკაცრად აკონტროლებენ. გაკონტროლდება ასევე დისტანციისა და პირბადის ტარებაზე არსებული რეგულაციების დაცვაც”,- ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შიდა ქართლის რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გორში გორიჯვრობასთან დაკავშირებით კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დაიცავენ რეგულაციებს მომლოცველები.

მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ახალი შემთხვევების შემცირება შეინიშნება, თუმცა, მასობრივი შეკრების გამო, კორონავირუსის გავრცელების საფრთხე გიორგობის დღესასწაულზე არსებობს. გორივრობის დღესასწაულზე მომლოცველებს პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა ევალებათ

“პირველ რიგში, ვულოცავ შიდა ქართლის მოსახლეობას გიორგობის დღესასწაულს. მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინება მომლოცველებს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებითაც მოუწევთ. გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან მისვლა ავტომობილებით დაშვებული არ არის, მომლოცველები ქვეითად შეძლებენ გორიჯვარზე ასვლას, თუმცა, მკაცრად გაკონტროლდება დისტანციისა და პირბადის ტარებაზე არსებული რეგულაციის დაცვა. მოქმედი რეგულაციების აღსრულებას პოლიცია აკონტროლებს”, – განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა.