გორის მუნიციპალიტეტის მერი ვარაუდობს, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა წლის ბოლომდე აღმოიფხვრება. ამისთვის კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, 2 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, რის შედეგადაც 14 სოფელს წყალმომარაგების საკითხი აღარ შეაწუხებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მერი ამბობს, რომ მსგავსი პრობლემების მოგვარების მიზნით აქტიურად თანამშრომლობენ უცხოურ ორგანიზაციებთანაც, რომლებისგანაც პრობლემის გადაჭრის აუცილებლობის დასაბუთების შედეგადაც მათგან, მუნიციპალიტეტი თანადაფინანსებას გრანტის სახით იღებს.
“წყალმომარაგებისთვის გორის მუნიციპალიტეტში 2 მლნ 158 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა. 14 სოფელში განხორციელდა შესაბამისი პროექტები და ამ სოფლებს უკვე მიეწოდებათ წყალი. ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემები არსებობდა. მაგალითად შემიძლია დაგისახელოთ ციცაგიაანთკარი. ამ სოფელში თითქმის დასრულდა სამუშაოები. უცხოურ კომპანიებთან და მეგობარ ქვეყნებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ამ პროექტების ნაწილზე თანადაფინანსება სწორედ მათი მხრიდან მივიღეთ. ისინი ძალიან გვეხმარებიან ამ საკითხების მოგვარებაში. გორი დიდი მუნიციპალიტეტია და მხოლოდ ჩვენი სახსრებით ვერ მოვაგვარებთ ამ პრობლემებს და ამიტომ აქტიურად მუშაობთ გრანტების მიღებისთვის”, -აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილი.