ვაქცინაცია არის მთავარი იარაღი იმისთვის, რომ დამარცხდეს ეპიდემია და აქ პოზიტიური ქცევის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თამარ გაბუნიამ აღნიშნა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის გარკვეული სტიმულების დაწესება განიხილება, როგორებიც არის, მაგალითად შეზღუდვებისგან გათავისუფლება.
„არის ასევე საუბარი ბიზნესის წახალისებაზე, იმისთვის რომ მათ შექმნან ეპიდემიურად უსაფრთხო გარემო და მთავარი აქცენტი აქ გადავა იმაზე, რომ მომხმარებელმა იცოდეს, კონკრეტული სასტუმრო ან კონკრეტული რესტორანი არის დაკომპლექტებული ვაქცინირებული პირებით და იქ არის ეპიდემიურად უსაფრთხო გარემო და მიენიჭოს დაუშვათ ეპიდემიურად უსაფრთხოს სერტიფიკატი ან რაღაც მსგავსი თვალსაჩინო ნიშანი. ჯერ ცოტა ადრეა ამისთვის, რადგან ჩვენ მოსახლეობის ვაქცინაციით მეტად ფართო მოცვა გვჭირდება, რადგან ყველას ჰქონდეს არჩევანი და მარტივად ჩაიტაროს ვაქცინაცია. ალბათ, ესეც უფრო ივლისისკენ (მოხდება), როდესაც ჩვენ გადავალთ მოსახლეობის ფართო მოცვაზე, რომ ვინმეს არ დარჩეს განცდა, რომ მისი მიზეზით კი არა, გარე მიზეზებით ვერ ჩაიტარა ვაქცინაცია და ამგვარად, გარკვეულწილად დისკრიმინირებული შეიძლება აღმოჩნდეს იმის გამო, რომ ვერ მიიღებს შეღავათს“, – განაცხადა გაბუნიამ.