ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ბოლო წლების განმავლობაში, ქუთაისში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მათ შორის არის ქალაქის 24-საათიანი წყალმომარაგება და ორზოლიანი მაგისტრალი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქუთაისის მსგავსად, გასული წლიდან წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება ზუგდიდს, ჭიათურას და წნორს. ამასთან, ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომელიც 2.6 მლრდ ლარის პროექტებს ახორციელებს.
რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, ირაკლი ქარსელაძის თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამოცანაა ხარისხიანად და ტექნოლოგიური მოთხოვნების შესაბისად შესრულდეს ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაო, რისთვისაც აუცილებელია კონტრაქტორებმა ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით იმუშაონ.
„ჩვენი ამოცანა არ არის მხოლოდ ასფალტის საფარი გადავაგოთ და კომფორტულად იაროს მოსახლეობამ, არამედ ჩვენი ამოცანაა სიღრმისეულად, ერთხელ და სამუდამოდ გაკეთდეს ისე, რომ დიდხანს იყოს ეს პროექტები. ქუთაისში 46 ქუჩიდან 2 პროექტზე იყო გამოწვევები, რომელიც სამინისტროს ჩართულობის შედეგად უკვე გადალახულია“,- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის მინისტრმა.