აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში უმოკლეს ვადაში მიწების რეგისტრაცია უნდა მოხდეს. თორნიკე რიჟვაძემ სარეგისტრაციო პროცედურების დასაწყებად სამთავრობო უწყებასა და მუნიციპალიტეტებს დავალებები გასცა.
„აქტუალური საკითხი, რომელიც ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩება, გახლავთ შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურების დაჩქარება მიწებთან მიმართებაში. ამიტომ, მინდა დავავალო ყველა სამთავრობო უწყებას, მათ შორის მინდა ვთხოვო მუნიციპალიტეტების შესაბამის კომისიებს, რომ უმოკლეს ვადებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდეს მიწების რეგისტრაცია და ჩვენ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მოსახლეობას, რომელმაც გამოგვიცხადა ნდობა, არ შევუქმნათ ბარიერები, არ ვაწვალოთ და მაქსიმალურად მალე მოხდეს მათ განაცხადებზე რეაგირების მოხდენა. ვიმეორებ, რომ ეს პროცესი უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, კანონმდებლობით დადგენილი წესების მიხედვით”,- განაცხადა რიჟვაძემ