„ოცნების” დამფინანსებლებმა გორის მერიის 3 156 688 ლარის ტენდერები მოიგეს

271

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წელს შპს სამშენებლო სამმართველო N1-ს 5 სხვადასხვა ხელშეკრულება გაუფორმა, რომლის ჯამური ღირებულება 3 156 688 ლარია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

აღნიშნული კომპანიის მეწილეები ნუგზარ და ნუკრი აბალაკები არიან. მათ 60,000-60,000 ლარი მმართველ პარტიას 2016 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში გადაურიცხეს. კომპანიის მესამე მეწილემ, შოთა აბულაძემ კი 60,000 ლარი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესწირა.

აღნიშნული კომპანია გორის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე შემდეგ სამუშაოებს ახორციელებს:

  • გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთიდან ზერტამდე დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
  • გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში ე.წ “ხაჩიურების უბანში” ეკლესიასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
  • ქ. გორში გოგებაშვილი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
  • ქ. გორში ფარნავაზის ქუჩის და საფეხმავლო სივრცეების სარეაბილიტაციო სამუშაოები;
  • გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის მემორიალთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ ყოფილ მმართველ პარტიას აფინანსებდა უშუალოდ კომპანიაც. 2011 წელს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1”-მა 100,000 ლარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” გადაურიცხა. ასევე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ კომპანიის დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი შოთა აბულაძე, გორის ყოფილი მაჟორიტარის იოსებ მაკრახიძის ოჯახის ახლობელია.