მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და უკვე ზედაპირზე ამოვალთ და დავიწყებთ მოპირკეთებით სამუშაოებს. პარალელურად მიმდინარეობს გარე განათების ქსელის მოწყობა, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და მთლიანად იცვლება გარე განათების ქსელი, – ამის შესახებ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა ობიექტის დამზადება.
„ძალიან მასშტაბური სამუშაოებია, ვინაიდან პარკი 19 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოიცავს, თუმცა მაქსიმალური ძალისხმევით ვცდილობთ, რომ პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდეს და მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.