ვაკის პარკის ტერიტორიაზე დაახლოებით, 100 სახეობის 3 ათასამდე ხე დაირგვება. ნაწილი უკვე დარგულია, მცენარეები ყოველდღიურად შემოდის ვაკის პარკის ტერიტორიაზე და მიმდინარეობს გამწვანების სამუშაო, – ამის შესახებ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
მისი თქმით, ასევე დაირგვება 12 ათასამდე ბუჩქოვანი მცენარე.
„როგორც ისტორიული, ასევე დენდროლოგიური კვლების ნაწილში, ჩვენ შევეცადეთ, მაქსიმალურად ჩაგვერთო ყველა ის წამყვანი სპეციალისტი, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ბაზარზე. დენდროლოგიური კვლევა ჩაატარა საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა და სწორედ მათ შეიმუშავეს დენდროლოგიური პროექტი, რომლითაც განხორციელდება გამწვანების სამუშაო. ეს არის ისტორიული ლანდშაფტი, ყველა ბილიკს, ყველა მოედანს თავისი ისტორია აქვს. ციციშვილი იყო დენდროლოგი, რომლის პროექტითაც, თავის დროზე, აღნიშნული პარკი გამწვანდა. ჩვენ სწორედ ამ ისტორიულ ნაწილს მივყვებით. აღდგება ყველა ის ბილიკი და მოედანი, რაც აქ ისტორიულად იყო. დაახლოებით 100 სახეობის სამი ათასამდე ხე დაირგვება ტერიტორიაზე. ნაწილი უკვე დარგულია. მცენარეები ყოველდღიურად შემოდის ვაკის პარკის ტერიტორიაზე და მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. ასევე დაირგვება 12 ათასამდე ბუჩქოვანი მცენარე. ეს იქნება დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პარკი, გამწვანების თვალსაზრისით. ასევე ეს მცენარეები, ტერიტორიაზე ძალიან ჯანსაღ ეკოლოგიურ კლიმატს შექმნიან. ეს დაემატება არსებულ სიმწვანეს, თუმცა, გასული 6 თვის განმავლობაში, სანიტარულ ჭრებს ვატარებდით პარკის ტერიტორიაზე, ვინაიდან დიდი ხანია, ამ ტერიტორიაზე განახლების სამუშაო არ ჩატარებულა“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.