გიგაშვილი: ვაკის პარკში გვექნება მყარი საფარის ბილიკიც, სადაც თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება მოქალაქეებს, მათ შორის ეტლით მოსარგებლე პირებს

355

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც ვაკის პარკის მიმდებარედ მცხოვრებთა, ასევე დედაქალაქის მოსახლეობის აზრი, ვინც რეაბილიტაციის შემდგომ უნდა ისარგებლოს ამ პარკით, – ამის შესახებ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

მისი თქმით, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ერთ-ერთი მაგალითი, როგორ უნდა ყოფილიყო დაგეგმარების პროცესში ის საზოგადოება იყოს ჩართული, ვისაც ამის ინტერესი გააჩნდა.

„ჩვენ შევქმენით პლატფორმა, გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა ყველა დაინტერესებულ პირთან, მათ შორის ექსპერტებსა და ისტორიკოსებთან. ჩვენ ასევე ჩავრთეთ კასკადის პროექტის შთამომავლები, რომლებმაც რეკომენდაციები მოგვცეს, როგორ უნდა წარმართულიყო პროექტირების ნაწილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩავატარეთ სოციოლოგიური გამოკვლევა ვაკის პარკის ტერიტორიაზე. კითხვარი წინასწარ იყო შედგენილი და ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. ასევე ორი საჯარო შეხვედრა გავმართეთ უშუალოდ ვაკის პარკის ტერიტორიაზე, რომელსაც ძალიან ბევრი ადგილობრივი მოსახლე დაესწრო. ჩვენ შევჯერდით გარკვეულ რეკომენდაციებსა და შემოთავაზებებზე, საჭიროებებზე, რაც მათ გააჩნდათ და შემიძლია გითხრათ, რომ ამ რეკომენდაციებისა და საჭიროებების უმრავლესობა, 90 %-ი გათვალისწინებული იყო და აისახა პროექტში.

გამოკითხვისას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკითხი იყო ბილიკების საფარი და ეროვნული ცენტრის კვლევაშიც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ვაკის პარკი, მათ შორის საბჭოთა კავშირში, გამოირჩეოდა იმ უნიკალურობითა და ვიზუალით, რასაც ის წითელი წიდა ქმნიდა, რაც დღეს ვაკის პარკში გვხდება. შესაბამისად, ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელი. ერთი კითხვა ამ საკითხს ეხებოდა. მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ გადაადგილების დროს ეს გარკვეულ დისკომფორტს ქმნის, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ეს არის ისტორიულად შენარჩუნებული ის მასალა, რომელიც უნდა დარჩეს. ჩვენ უმრავლესობის აზრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საფარი იგივე უნდა დარჩეს. მთლიანად განახლდება და ახალი საფარი იქნება, თუმცა ვიზუალის ნაწილში ის იგივე დარჩება. ასევე გავითვალისწინეთ მეორე ნაწილის მოთხოვნები და გარდა წიდის ბილიკებისა, ჩვენ გვექნება მყარი საფარის ბილიკიც, სადაც თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება მოქალაქეებს, მათ შორის ეტლით მოსარგებლე პირებს“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.