მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერი მოვიდა არჩევნების შედეგად, მან დღის წესრიგში დააბრუნა გარემოს დაცვისა და ზოგადად ეკოლოგიური საკითხები პოლიტიკური დღის წესრიგში და ამან პრიორიტეტული ადგილი დაიკავა, რაც თვალსაჩინოა დედაქალაქში. როდესაც ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე მუშაობა, პროექტირება და იდეის დამუშავება დავიწყეთ, ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ პარკს უნდა შეუნარჩუნდეს ისტორიული სახე, – ამის შესახებ გადაცემა „დედაქალაქში“ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება ვაკის პარკს, ეს არის დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე და ამასთან ერთად, ის არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, არა მხოლოდ იქ განთავსებული ობიექტების გამო, არამედ მისი ისტორიული ლანდშაფტიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ფრთხილად მივუდექით მის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა. პირველ რიგში ეს იყო სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, რომელიც გახდა ასე გზამკვლევი ჩვენთვის, თუ როგორ უნდა დაგვეგეგმა სამუშაოები.
ვაკის პარკის რეაბილიტაცია ჩატარდება ზუსტად იმ არქიტექტურული პროექტის შესაბამისად, რომლითაც პარკი აშენდა. ზუსტად იგივე ვიზუალით უნდა აღდგეს პარკი. თავდაპირველი, ისტორიული ვიზუალი 100%-ით შენარჩუნებული იქნება. ისტორიულად, ჭავჭავაძის ქუჩიდან პარკში ჩამოსასვლელ ნაწილში იყო ოვალური შადრევანი, რომელიც შემდეგ გაუქმდა. ამ შადრევნის აღდგენაც დაწყებულია და ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი დეტალი, რომელის პირვანდელ სახეს დაუბრუნებს პარკს. არის ასევე ისტორიულ ლანდშაფტი, მუხის ხეივანი, კედრების ხეივანი, ჭადრების ხეივანი, მათ დროთა განმავლობაში განიცადეს ამორტიზაცია. წლების განმავლობაში მხოლოდ სანიტარულად ჭრიდნენ, ეს მცენარეებიც სრულად ჩანაცვლდება და დაბრუნდება პირვანდელი სახით“, – განცხადა გიგა გიგაშვილმა.
მისივე თქმით, ვაკის პარკის პირველი უნიკალურობა არის მისი გეგმარება და პირველი ამოცანა იყო, რომ ეს გეგმარება უცვლელი დარჩენილიყო.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჭავჭავაძის გამზირიდან შესასვლელი პორტალი თავისი კიბეებით. ვაკის პარკი იყო პირველი ტერიტორია, სადაც საბჭოთა კავშირის დროს სცადეს უკვე დიდტანოვანი ნერგების გადარგვა და ის ამითაც უნიკალურია“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.