გადატვირთულ საბავშვო ბაღებს უახლოეს დღეებში დამატებითი პერსონალი დაემატება

686

გადატვირთულ საბავშვო ბაღებს უახლოეს დღეებში დამატებითი პერსონალი დაემატება. როგორც  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ განაცხადა, ეს ხელს შეუწყობს აღსაზრდელების მიმართ უფრო მაღალ კონტროლს.

”უახლოეს დღეებში, საბავშვო ბაღებში, სადაც გადატვირთულია ჯგუფები დამატებითი პერსონალი დავამატებთ. აღნიშნული მიმართულებით კონკრეტული გეგმა გვაქვს. ამ გეგმის შესახებ საზოგადოებას უახლოესი დღეების განმავლობაში ვაცნობებთ. ეს ხელს შეუწყობს უფრო მაღალ კონტროლს საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მიმართ”, – განაცხადა თორდინავამ.

მისივე თქმით, განტვირთვის მიზნით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

”13 ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში და შესაბამისად, ეს საბავშვო ბაღები გაიხსნება ეტაპობრივად, 2018 წელს. გადატვირთულობა ორი რამის გამოა გამოწვეული – 50 ბაღი დაიხურა წინა წლებში და მეორე მხრივ, სერვისი იმდენად გაიზარდა საჯარო ბაღებში, რომ მოთხოვნა საჯარო ბაღების მიმართ გაზრდილია. ამასთან, კერძო ბაღებიდანაც გვაქვს ბავშვების სერიოზული შემოდინება. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ უფრო მეტი ბავშვისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი საბავშვო ბაღები გამომდინარე იქედან, რომ ეს აუცილებელია მათთვის, რათა სკოლაში ბევრად უფრო მომზადებულები შევიდნენ და საბავშვო ბაღის სერვისი ჰქონდეთ მიღებული. გადატვირთულობის საკითხი წინა წლებთან შედარებით უფრო ნაკლები რაოდენობის ბაღებშია”, – აღნიშნა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი