გორში, კულტურისა და დასვენების პარკში “ახალბაღი” მდგარ სტალინის ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. აღნიშნული სამუშაოები პარკის რეაბილიტაციის პროექტშია გათვალისწინებული, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაგეგმა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
“იოსებ სტალინის ძეგლის რეაბილიტაციის გარდა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ნიკო ლომოურის ბიუსტის რეაბილიტაციაც” , – ვკითხულობთ პროექტში.
გარდა აღნიშნულისა, მოხდება ამფითეატრის რეკონსტრუქცია, ღია ცის ქვეშ სავარჯიშო ობიექტების, ბავშვებისთვის სათამაშო მოედნების და სამაგიდო თამაშებისთვის სივრცეების მოწყობა და ა.შ
როგორც ცნობილია, “ახალბაღი” 1963 წელს გაიხსნა და წლების განმავლობაში იოსებ ბესარიონის ძე სტალინის სახელს ატარებდა.