აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი 23:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე იმოქმედებს

987

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, იმოქმედებს პირველი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე.

საკოორდინაციო საბჭო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან აწარმოებდა კომუნიკაციას. მათი გადაწყვეტილებით, ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაცვით ჩატარდება.

კერძოდ, ტაძრებში იქნება გახმოვანების სისტემა, სოციალური დისტანციის დაცვა იქნება აუცილებელი, ასევე პირბადის მოხმარება.

“სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ერთი დღით იმოქმედებს პირველი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე”, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.