23 აპრილს თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს ერთი წლით გადმოიბარებს

1046

წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს, თბილისი, ერთი წლით, წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერიისა და იუნესკო-ს ერთობლივი პროექტი 23 აპრილს, 16:30 საათზე, „აბრეშუმის ქარხანაში“ ოფიციალურად გაიხსნება.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე წიგნის დედაქალაქის სტატუსს კუალა ლუმპურის მერიის დელეგაციისგან გადმოიბარებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზეიმო ღონისძიებას დაესწრებიან იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მენეჯერი იან დენისონი, იუნესკო-ს კეთილი ნების ელჩი ვერა მიხალსკი-ჰოფმანი, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის გენერალური მდივანი ხოსე ბორგინო, ამავე ასოციაციის პრეზიდენტი ბოდურ ალ ქასიმი, 2020 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მასპინძელი ქალაქის, კუალა ლუმპურის მერის მოადგილე ამვარ ბინ მოჰდ ზაინი, პროექტის დირექტორი შეიხ ფაიზალ ბინ შეიხ მანსორი, გვადალახარას წიგნის საერთაშორისო გამოფენის დირექტორი მარისოლ შულცი, ათენის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის კოორდინატორი ანა როუტსი, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები, გამომცემლობების წარმომადგენლები და მწერლები.

გახსნის ცერემონიის ოფიციალური ნაწილის შემდეგ გაიმართება კოსტიუმირებული პერფორმანსი – „ათი ცოცხალი სურათი ქართული ლიტერატურიდან“.

„პერფორმანსი აერთიანებს ქართული მწერლობის ისტორიის ათ სცენას ადრექრისტიანული ხანიდან მეოცე საუკუნემდე. წარმოდგენის დრამატურგია დავით გაბუნია, სამხატვრო ხელმძღვანელი – უტა ბექაია, ქორეოგრაფი – ნათია ჩიკვაიძე, მუსიკის ავტორები – ნიკა მაჩაიძე და ტუსია ბერიძე.

გახსნის მეორე ნაწილი თანამედროვე ავტორებს ეთმობა. წარმოდგენილი იქნება ერთგვარი ფოტო-აუდიოპროექტი ცამეტი ქართველი ავტორის მონაწილეობით. გარდა ამისა, ღონისძიების სტუმრები ნახავენ მოკლე ჩანახატს გურამ დოჩანაშვილის შესახებ.

World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პირველი დედაქალაქი მადრიდი იყო, შარშან კი წიგნის დედაქალაქი კუალა ლუმპური გახდა, რომელმაც, მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, პროექტი წარმატებით განახორციელა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას. სააპლიკაციო პროცესი რთული და კომპლექსურია. აპლიკაცია ერთდროულად უნდა მოიცავდეს, როგორც ქალაქის სრულ ისტორიულ და თანამედროვე სურათს, ასევე, მთელი წლის განმავლობაში ზედმიწევნით გაწერილ გეგმას, თუ რა ტიპის ღონისძიებები განხორციელდება პროექტის ფარგლებში და რა გავლენა ექნება პროექტს ქალაქის განვითარებაზე ხანგრძლივ პერსპექტივაში.

თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების მიერ წარდგენილი აპლიკაცია გადაწყვეტილების მიმღებთათვის საინტერესო აღმოჩნდა, ვინაიდან მასში ჩანს როგორც პროექტის თანამედროვე კონცეფცია, ასევე, სამთავრობო სტრუქტურებისა და კერძო ორგანიზაციების ჰარმონიული თანამშრომლობა, პროექტების განხორციელების თანამედროვე გზები და მათში საზოგადოების მაქსიმალური ინტეგრაცია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აქვე განმარტებულია, რომ იუნესკო-ს პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ თბილისის მერიის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.