ბათუმში, თამარის დასახლებაში, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ჩეხი ექსპერტები იმუშავებენ

504

ბათუმში, თამარის დასახლებაში, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ჩეხი ექსპერტები იმუშავებენ, – ამის სსახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიკაელა მარკსოვასთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„ბათუმში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვმასპინძლობთ. მნიშვნელოვანია ჩეხეთის, როგორც ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც ბათუმში დავიწყებთ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის გაწმენდას. ეს გახდება ერთ-ერთი ის პროექტი, რომელიც დაეხმარება როგორც ადგილობრივ ეკონომიკას, ასევე მწვანე ეკონომიკის ხაზს და პოლიტიკის გაძლიერებას“, – განაცხადა რიჟვაძემ.

პირველ ეტაპზე უცხოელი ექსპერტები ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დეტალურ კვლევას განახორციელებენ, არეალის მოწესრიგების გეგმას შეიმუშავებენ და საერთაშორისო ტენდერისთვის დოკუმენტაციას მოამზადებენ.

რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაგროვილმა ნარჩენების (ნავთობშლამი, მჟავე გუდრონი და სხვა) გამო ტერიტორიაზე რთული ეკოლოგიური ვითარება შეიქმნა. პრობლემის მოგვარება დონორ ორგანიზაციასთან მიღწეული უმნიშვნელოვანესი შეთანხმებით უკვე დაიწყო.