თელავში, ერისთავის ქუჩის მოსახლეობა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვს

729

თელავში ერისთავის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

მათი თქმით, სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქუჩა გადათხარეს, რის გამოც გადაადგილების პრობლემა ექმნებათ.

“რამდენიმე დღეა, რაც ქუჩა გადათხარეს, დღეს საერთოდ არ მოსულან, აქ ფეხითაც კი შეუძლებელია გადაადგილება. ტრანსპორტის გავლაზე ხომ საუბარი არ არის. ვითხოვთ, რომ მალე დასრულდეს სამუშაოები”,- განაცხადა ერისთავის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებელმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის დავით ქსოვრელიშვილის თქმით, რეაბილიტაციის დასრულება უახლოეს მომავალში იგეგმება.

“სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ასრულებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ თელავის მუნიციპალიტეტის მერია აპირებს ქვაფენილის დაგებას, ანუ გააგრძელებს იმ პროექტს რაც მუდმივად მიმდინარეობს ერისთავის ქუჩაზე”,-განაცხადა დავით ქსოვრელიშვილმა.

ფოტო: კახეთის ხმა