ქვეყნის მასშტაბით შპს-ების რაოდენობით ბათუმი ლიდერობს

619

ნაციონალური მოძრაობა მუნიციპალურ ორგანიზაციებში არსებულ კორუფციაზე საუბრობს. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ არსებული ხარვეზების გამო, რიგ კომპანიებს საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად გაცემა უჭირთ. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

პრობლემაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მაგალითად, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“  კონკრეტულ მოთხოვნაზე, 170-ზე მეტი ორგანიზაციიდან, მხოლოდ 80-მა უპასუხა. მათგან არცერთია ბათუმის მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაცია. როგორც პოლიტიკური ოპონენეტები, ისე მესამე სექტორი ეჭვობს, რომ შპს-ები და ა(ა)იპ-ები უბრალოდ აქტივის დასაქმებისთვის იქმნება.

ორივე ბრალდების ადრესატი „ბათუმის წყალია“. მუნიციპალურ ორგანიზაციასთან ოპოზიციას პრეტენზია ორი მიმართულებით აქვს. ხელისუფლების ოპონენტები მუდმივად ამტკიცებენ, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში მაღალი დონის კორუფციაა, რის გამოც კომპანია საჯარო ინფორმაციას არ გასცემს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დასაქმებულთა ხელფასებთან და შესყიდვებთან ერთად თანამშრომელთა სიას ითხოვდა.

„ბათუმის წყალი“ ერთ-ერთია მუნიციპალურ ორგანიზაციებს შორის, რომელიც ბათუმის მერიამ წლების განმავლობაში დააფუძნა. ქალაქი სულ  11 შპს-ს მართავს. მუნიციპალური კომპანიების რაოდენობით, თვითმმართველი ქალაქი ქვეყნის მასშტაბით პირველია. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს-ების ნუსხა, დასაქმებულთა რაოდენობა და სახელფასო ფონდი მესამე სექტორმა გამოითხოვა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს ქვეყნის მასშტაბით არსებული 173  კომპანიიდან ინფორმაცია მხოლოდ 80-მა შპს-მ მიაწოდა. მათ შორის არ არის ბათუმი, ანუ მერია ოპოზიციასთან ერთად მონაცემებს  მესამე სექტორსაც უმალავს.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დაბალ ხარისხთან ერთად, ორგანიზაციაში პრობლემას მუნიციპალური ორგანიზაციის რაოდენობაში ხედავენ. IDFI-ს ანალიტიკოსი ხარვეზად აფასებს იმასაც, რომ 2019 წელი, ქვეყნის მასშტაბით, 10 -მა ყველაზე მაღალი ბრუნვის შპს-მ ზარალით, ანუ უარყოფითი ბალანსით დაასრულა. ხარჯები კი, პირიქით გაზრდილია. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიები, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, წაგებაზე მუშაობენ. მათ შორისაა ბათუმის ავტოტრანპორტი, სანდასუფთავება და შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, სადაც იდენტურ პრობლემებზე საუბრობენ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოა“. თვითმმართველმა ქალაქმა საჯარო ინფორმაცია არც ამ შემთხვევაში გასცა. მალხაზ ჭკადუა მიზანშეწონილად არც შპს-ების ამ რაოდენობას მიიჩნევს და არც მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას.

„ბათუმის წყალი“, „ავტოტრანსპორტი“, „სანდასუფთავება“,  „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“,  სარაგბო კლუბი ,,ბათუმი”, ხელბურთის კლუბი ,,ბათუმი”, საკალათბურთო კლუბი ,,ბათუმი-2010″, ფრენბურთის კლუბი ,,ბათუმი” და  წყალბურთის კლუბი ,,ბათუმი”-  მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე მხოლოდ 9 შპს იძებნება. რაში ჭირდება ქალაქს ამდენი ორგანიზაცია, რატომ არ ხდება მათი გაერთიანება, რამდენად მიზანმიმართულად იხარჯება ბიუჯეტს თანხები, ხომ არ იყენებენ ადამიანურ რესურსს სხვა მიზნებისთვის, ან თუნდაც- რატომ უმალავს თვითმმართველობა საჯარო ინფორმაციას  შპს-ებში დასაქმებულთა რაოდენობისა და სახელფასო ფონდის შესახე ოპოზიციასა და მესამე სექტორს? პასუხი კითხვებზე დღეს უწყებაში არ გაგვცეს. ხელისუფლების ოპონენტები კი ამის ახსნას ასე პოულობენ:

IDFI_ს მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, ორგანიზაციაში მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, მუნიციპალიტეტებმა მათ მიერ დაფუძნებული შპს-ების საკადრო და სახელფასო პოლიტიკას გადახედონ.