19 მარტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის სტუმრობა მარნეულის მერიას, 1 678 ლარი დაუჯდა. შესაბამისი დოკუმენტაცია ადგილობრივმა თვითმმართველობამ გმარტივებულ შესყიდვებში, 19 აპრილს ატვირთა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
საუბარია ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე, როდესაც არჩილ თალაკვაძე მარნეულში ჩავიდა და აზერბაიჯანელ თემეს ნოვრუზის დღესასწაული მიულოცა. სუფრა გაიშალა ინტიგამ ბადალოვის ოჯახში, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
„ბატონო ზაურ, მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტის 19-22 რიცხვებში აღინიშნება აზერბაიჯანელთა ეროვნული დღესასწაული-ნოვრუზ ბაირამი, გაზაფხულის მოსვლისა და ბუნების განახლების აღსანიშნავად. აღნიშნულ დღესასწაულს დიდი მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანელებისათვის. 19 მარტს, მარნეულში ჩამოდის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მარნეულში მცხოვრები აზერბაიჯანლების მოლოცვის მიზნით. გთხოვთ, უზრუნველყოთ სტუმარ -მასპინძლობასთან დაკავშირებული ხარჯები“- წერია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში, რომელც მარნეულის მერის მოადგილემ, მერის მოვალეობის შემსრულებელს, ზაურ ტაბატაძეს აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის თანხის გამოყოფა სთხოვა.
სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი მარნეულის მერიამ შპს “KILIM”-ისგან შეიძინა, რომელშიც შედიოდა ბოსტნეულის თაიგული, მწნილი, ყველის ასოირტი, თურშუ ყაურმა, ტოლმა, ფახლავა, შაქარბურა, გოღალი და სხვა.
აღსანიშნავია, რომ თალაკვაძის სტუმრობის შესახებ ინფორმაცია არ იყო ცნობილი მედიისთვის. მისი სტუმრობის შესახებ მას შემდეგ გავიგეთ, რაც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ფოტოები გამოაქვეყნა.