„ლელო“ ევროპელი მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს

383

პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყვიტეს, შარლ მიშელის მედიაციით შედგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერონ.

„ლელო” პრინციპულად ეთანხმება დოკუმენტს. მასში არის გარკვეული საკითხები, რომელიც უნდა დაზუსტდეს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პუნქტების შესრულება იყოს მედიატორების ყურადღების ქვეშ”, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა სხდომის შემდეგ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, “ქართული ოცნების” 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.