“გირჩის” სამი ლიდერი პარლამენტის შენობაში მივიდა. როგორც პარტიის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ თქვა, ისინი მათი 7 მოთხოვნის შესრულებისთვის იბრძოლებენ.
ხვიჩიას განცხადებით, თუ 1 მაინც დაკმაყოფილდება, პლენარულ დარბაზშიც შევლენ.
“კეთილი იყოს გირჩის ფეხი საქართველოს პარლამენტის შენობაში. ჩვენ პარლამენტის შენობაში შემოვედით იმ გზის აღსასრულებლად, რომელიც გამოვაქვეყნეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ხელისუფლებისკენ იმაზე, რომ ველაპარაკოთ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც ჩვენ გვაწუხებს. 7 საკითხი, რომელიც გირჩს აწუხებს იქნება მთავარი 7 საკითხი, რომელზეც გირჩი იბრძოლებს ამ შენობაში – დერეფნებშიც, დერეფნებს მიღმაც, როგორც მოუწევს, იმის მიხედვით, ჩვენ ვიბრძოლეთ 7 საკითხისთვის”, – თქვა იაგო ხვიჩიამ და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ისინი, ჯერჯერობით, პარლამენტში მხოლოდ მივიდნენ და ეს “შესვლა” არ არის.
მანამდე გირჩმა შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
გირჩი შვიდ მოთხოვნას აჟღერებს, რომელთაგან ერთის სრულყოფილად შესრულების შემთხვევაში, პარტია პარლამენტში შევა.
“გირჩმა” 7 მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია პარტიამ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გაავრცელა.
გირჩის მოთხოვნებია:
- ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით;
- კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდეს სახელმწიფო რეგულირებებისგან;
- რაიონული პოლიციის შერიფები აირჩიოს მოსახლეობამ პირდაპირი წესით;
- პირველი ინსტანციის მოსამართლეები პირდაპირი წესით აირჩიოს ხალხმა და ბრალდებულს ჰქონდეს უფლება თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული;
- ქვეყანაში დაშვებულ იქნას მულტისავალუტო რეჟიმი;
- მოხდეს მარიხუანის სრული ლეგალიზაცია;
- რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად.
როგორც გირჩის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, ბოიკოტის რეჟიმში დარჩენის შემთხვევაში წევრთაგან არცერთი არ აიღებს პარლამენტარის ხელფასს და პარტიულ დაფინანსებას. ასევე, არ მიიღებს მონაწილეობას პარლამენტის საქმიანობაში. თუმცა პარტიის წევრები ისარგებლებენ პარლამენტის წევრის იმუნიტეტით, იარაღის ტარებისა და პარლამენტის შენობის პრესბანერთან დგომის უფლებით.