9 სახელმწიფო საწარმოდან, რომელსაც მთავრობა აუქციონზე ყიდდა, მხოლოდ ერთი გაიყიდა. საუბარია თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის 100%-იან წილზე, რომლის საწყისი ფასი 266 000 ლარი იყო, აუქციონზე კი 268 000 ლარად გაიყიდა. ამის შესახებ bpn.ge წერს.
შეგახსნებთ, რომ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებასთან დაკავშირებით მთავრობის გეგმის შესახებ წლის დასაწყისში გახდა ცნობილი. როგორ მაშინ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, მთავრობა პრივატიზაციის პროცესში წლის ბოლომდე კერძო ბიზნესს სულ მცირე 50 სახელმწიფო საწარმოს შესთავაზებს.
პირველ ეტაპზე მთავრობამ ბიზნესს 9 საწარმო შესთავაზა, აუქციონი 13 აპრილს სრულდებოდა, თუმცა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე, სადაც მიმდინარეობდა სახელმწიფო პროგრამის “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ელექტრონული აუქციონები, ხარვეზი შეიქმნა. შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აუქციონი კიდევ 2 დღით, დღეს 17:00 საათამდე გაგრძელებულიყო.
გამოტანილ ქონებებს შორის იყო:
- ზუგდიდის ფარმაცია – 100%-იანი წილი, 306 000 ლარი; (არ გაიყიდა)
- ხაშურის მინის ტარა (633 211 აქცია, 23.0935%) – 747 200 ლარი; (არ გაიყიდა)
- თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკა (100%-იანი წილი) 266 000 ლარი; (გაიყიდა – 268 000 ლარი)
- დეზინფექციის, დეზინსექციის, დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხედველობის ცენტრი (100%-იანი წილი) – 246 000 ლარი. (არ გაიყიდა)
- ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატი (51%-იანი წილი,27 246 აქცია) – 1.014 მლნ ლარი; (არ გაიყიდა)
- ბათუმში საზღვაო ტექსერვისი (100%იანი წილი) – 2 263 800 მლნ ლარი; (არ გაიყიდა)
- შპს ,,დემეტრე 96“-ის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100% წილი – 747 200 ლარი (არ გაიყიდა)
- თერმული წყლები (100%-იანი წილი) -1.511 მლნ ლარი; (არ გაიყიდა)
- უნიონი (100%-იანი წილი) – 399 000 ლარი (არ გაიყიდა)
9 სახელმწიფო ქონების ჯამური ღირებულება 7 მლნ ლარამდეა.