ნაძალადევის რაიონში, არბოს ქუჩა ა და ბ კორპუსების მოძველებული კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 694 გრძივ მეტრზე იცვლება წყალარინების გარე და შიდა ქსელი, ასევე, მოეწყობა 13 საკომუნიკაციო ჭა.
“ამ მისამართზე წყალარინების ქსელის გაუმართაობის გამო მუდმივად პრობლემები ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობას. კორპუსის ქსელის რეაბილიტაციის შემდეგ, მთლიან ეზოში დაიგება ასფალტის საფარი. ეს უკვე ცალკე საგზაო პროექტი იქნება. საბოლოო ჯამში, აღნიშნულ კორპუსებში მცხოვრებ 111 ოჯახს საგზაო ინფრასტრუქტურული პრობლემები მოუგვარდება“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ.
ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მიმდინარე პროექტის ღირებულება 87 368 ლარია.