ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სპეციალური საჭიროების მქონე პირები, რომლებმაც ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ განვითარების შეფერხების, სენსორული და ქცევისა და ემოციური დარღვევების მქონე ბავშვთა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სკოლებში მიიღეს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან და დაფინანსებას მიიღებენ.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა მთავრობის ინიციატივით წარდგენილი პროექტი, რომლის გათვალისწინებით, სწორედ ასეთი მოსწავლეებისათვის, ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ხდება.
ცვლილება “უმაღლესი განთლების შესახებ“ კანონში განხორციელდა. როგორც მთავრობა განმარტავს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინკლუზიური განათლების არარსებობის გამო, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები იძულებულნი არიან ზოგადი განათლება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ სკოლებში მიიღონ, რომლებიც სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევის მქონე ბავშვთა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.
“პროექტის მომზადების მიზანია იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიებზე ინკლუზიური განათლების არარსებობის გამო, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ შესაბამის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახერხებენ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების საფუძვლის გაჩენა“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.