კლასტერებიდან საყოველთაო გავრცელებაზე გადავდივართ, – ამის შესახებ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„დღეს ყველა რეგიონში, ინციდენტობის მაჩვენებელი მომატებულია. პირველ ადგილზეა თბილისი, შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი, შემდეგ უკვე აჭარა და დანარჩენი რეგიონები. აქედან გამომდინარე უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“, – განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, კოვიდსტატისტიკაც შეაფასა. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 11 ადამიანი და ეს მაჩვენებელი 1,3%-ზე ნარჩუნდება. ამ ფონზე დაიკლო გამოჯანმრთელების მაჩვენებელმა. გვქონდა 97%, ახლა 95%-ია. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, ზედამხედველობის სამსახურებს, რომ მეტი კონტროლი და მონიტორინგი იყოს, რადგან არ გვინდა რომ გავიმეოროთ ნოემბერ-დეკემბერი და ისევ მოხდეს მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებების გატარება, მაგრამ მეორე მხრივ პინაზე ადამიანების ჯანმრთელობაა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან გამყრელიძემ განმარტა, რომ თუ მომავალი კვირების განმავლობაში ეპიდსიტუაციის შეკავება ვერ მოხერხდა, საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვებზე მსჯელობა მოუწევს. „ამიტომ კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ გამოსავალია შემდეგი ღონისძიების დაცვა: პირბადის უნივერსალური ტარება, ესაა პირველი იარაღი, დისტანციის დაცვა ყველგან, ჰიგიენური წესები და დიდი ღონისძიებების აკრძალვა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 374 ადამიანს დაუდასტურდა.
12 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.66 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 2.46%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2.58 %.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 288 755 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 277 829, გარდაიცვალა 3 883 პაციენტი.