პანდემიით გამოწვეული მიზეზების გამო, მართვის ან სარგებლობის უფლებით გადაცემულ სახელმწიფო ქონებაზე სახელშეკრულებო პირობების შეცვლა, გაუქმება, პირგასამტეხლოს პატიება შესაძლებელი ხდება.
ასეთ შესაძლებლობას “სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილები იძლევა, რომელიც მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა.
შესაბამისი ღონისძიება 2012 წლის 31 დეკემბრის შემდგომ, აუქციონის ფორმით განხორციელებული სახელმწიფო ქონების განკარგვის შემთხვევაშიც განხორციელდება.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ პროექტის საკომიტეტო განხილვისას განმარტა, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ყოველი ინდივიდუალური შემთხვევის განხილვა შესაბამისი მომართვის საფუძველზე მოხდება, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკისათვის გამოწვეული ნეგატიური შედეგების მინიმიზაციისა და ეკონომიკური აქტივობების სტიმულირებისათვის.
“მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცედურა შეეხება სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით დადებული ყველა ხელშეკრულების მხარეს, მათ შორის სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.