დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
გამგეობის ცნობით, ერთ-ერთი ასეთი პროექტია თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლის გამაგრება.
“თევდორე მღვდლის ქუჩა N42-ში მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლში 17 ოჯახი ცხოვრობს. შენობის ავარიულობის საკითხი მოსახლეობას მრავალი წელია პრობლემას უქმნის. პროექტის დასრულების შემდგომ, მათ უსაფრთხოდ და კომფორტულად ცხოვრების შესაძლებლობა ექნებათ.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები მონოლითური რკინა-ბეტონით გამაგრდება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება აივნებს და შეიცვლება დაზიანებული კარ-ფანჯარა”, – განმარტავენ გამგეობაში.
პროექტი დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 280 000 ლარია გამოყოფილი.