აბასთუმანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა სრულდება

332

ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია კურორტ აბასთუმანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ასრულებს. შესრულებული სამუშაოები, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშივლმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წყალმომარაგების კომპანიამ აბასთუმანში უკვე დაასრულა წყლისა და წყალარინების ქსელის მოწყობა.

ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, რეგიონში პირველად შენდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ევროსტანდარტების შესაბამისად.

,,აბასთუმანში განხორციელდა და ხორციელდება წყლისა და წყალარინების სისტემების მასშტაბური პროექტები. ეს პროექტები კომპლექსურია და მოიცავს ახალი ქსელის, სათავე ნაგებობების სრულ რეაბილიტაციას, საფილტრე ნაგებობებსა და საქლორატოროებს. ასევე, რეგიონში პირველად შენდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ევროსტანდარტების შესაბამისად, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, სრულად უზრუნველყოფს საკანალიზაციო ქსელიდან წამოსული მყარი მასის გაფილტვრასა და წმენდას. პროექტი მართლაც უნიკალურია, შესაბამისად, თავისი ტექნოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე მშენებლობას 7 მილიონზე მეტი მოხმარდება”, – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს სრულდება.

პროექტებს ჯამურად დაახლოებით 16 მილიონი ლარი მოხმარდება, რაც სრულად მოაწესრიგებს კურორტზე წყალმომარაგება-წყალარინების ინფრასტრუქტურას.