ქუთაისის მერიამ ჟურნალისტებს საშვის გარეშე შენობაში გადაადგილება აუკრძალა

1100

ჟურნალისტებისთვის ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გადაადგილება სატელეფონო ზარზე იქნება დამოკიდებული. მედიის წარმომადგენელმა შენობაში შესვლა პრესსამსახურს უნდა შეუთანხმოს. მანამდე იმავე პრესსამსახურის თანამშრომელს უნდა განუმარტოს ვიზიტის მიზეზი, დაუსახელოს რესპონდენტის ვინაობა, რომელთან ინტერვიუც წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული და ამოიწეროს ელექტრონული საშვი. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

ჟურნალისტი, რომლის საქმიანობაშიც გადამწყვეტია ინფორმაციის ოპერატიულად მიღება, შენობაში შესვლას  მხოლოდ ამ პროცედურის გავლის და შესაბამისი ნებართვის მიღების შემთხვევაში შეძლებს. ადგილობრივი ხელისუფლება უარს ამბობს საბარათე სისტემის შემოღებაზეც და  ირწმუნება, რომ ახალი რეგულაცია ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს არ შეუშლის.

ქუთაისში მომუშავე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომლებსაც უკვე შეექმნათ პრობლემა მერიაში გადააგდილებაზე, ამბობენ, რომ მსგავსი პრაქტიკა მიუღებელია, რადგან ხშირ შემთხვევაში პრესსამსახურის წარმომადგენლები სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. გარდა ამისა, ჟურნალისტებს ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა დღის განმავლობაში რამდენჯერმე უწევთ, შესაბამისად, ასეთი მეთოდით მუშაობა მიუღებელია.

“ქვეყანაში იყო პანდემიური მდგომარეობა და ბარათები  იყო რისკის შემცველი.  მე თქვენ გაძლევთ გარანტიას, რომ ნებისმიერი რესპონდენტი, რომელიც თქვენ დაგჭირდებათ, გეყოლებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა დაფიქსირდება ხელის შეშლა, პირადად ჩემთან გექნებათ კონტაქტი”, – განაცხადა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, პეტრე ადამაძემ.

მერიის გადაწყვეტილებაში, ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის რისკებს ხედავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი, იურისტი ლელა მოწონელიძე ამბობს, რომ ეს მოცემულობა  კონკრეტული თანამდებობის პირებს საშუალებას აძლევს შერჩევით მისცეს ჟურნალისტებს შენობაში შესვლის ნებართვა. გარდა ამისა, ახალი რეგულაცია ზრდის სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის დარღვევის რისკს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. იურისტი მიიჩნევს, რომ მერიამ უნდა გამოიყენოს ისეთი უწყებების პრაქტიკა, რომლებიც ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციებს გასცემენ, რათა უზრუნველყოფილი და გარანტირებული იყოს მათი გადაადგილება ადმინისტრაციულ შენობაში.

ჟურნალისტის საქმიანობა დაცულია საქართველოს კანონდებლობით, რაც გულისხმობს იმას, რომ მედიის წარმომადგენლებს აქვთ უფლება გააშუქონ მიმდინარე საკითხები ან მათთვის საინტერესო მოვლენები. ეს ჩანაწერები, რომლებიც როგორც მერიამ განაცხადა, ჩაიდო შინაგანაწესის კონკრეტულ მუხლებში, შეიძლება შეიცავდეს რისკს იმისა, რომ ინდვიდუალური მიდგომა იქნას გამოყენებული სხვდასხვა მედიის წარმომადგენლების მიმართ. თუნდაც, თანამდებობის პირმა კონკრეტული თემის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება დართავს თუ არა ნებას ჟურნალისტს შენობაში შესვლაზე. ეს თავის მხრივ გამოიწვევს ჟურნალისტისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლას. მიგვაჩნია, რომ მერიას შუძლია  გამოყენოს სხვა უწყებების, ან თუნდაც პარლამენტის პრაქტიკა და მისცეს ჟურნალისტებს კონკრეტული ვადით განახლებადი აკრედიტაცია, რათა თემისა და პიროვნების მიხედვით ნებართვის გაცემის რისკი ავირიდოთ”, –  ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი, ლელა მოწონელიძე.

ქუთაისის მერიაში ამ დრომდე მედიის წარმომადგენლები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. მერიაში ჟურნალისტებისთვის შეზღუდვა მას შემდეგ გამკაცრდა, რაც ონლაინ გამოცემა კუტაისიტოდაყ -ს ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან ტელეფონის ჩართული კამერით შევიდა, შემდეგ კი ქალაქის მერთან იოსებ ხახალეიშვილთან შეხვედრა სცადა, რასაც მისი ადმინისტრაციულ შენობაში დაკავება მოჰყვა. ჟურნალისტი აცხადებს, რომ იგი საგამოძიებო მასალას ამზადებდა მერის ცოლსა და მის ნათესავებზე, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობაში არიან დასაქმებული და მისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სწორედ ამას უკავშირდებოდა.

ქუთაისის მერიამ სხვადასხვა დროს ჟურნალისტებისთვის ერთჯერადი საშვების სისტემის დანერგვა რამდენჯერმე სცადა, თუმცა, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგობის შემდეგ, ყოველ ჯერზე იძულებული გახდა გადაწყვეტილება გაეუქმებინა.