რესტორნების სუბსიდირების პროგრამაში ჩართვას 452 ობიექტი ითხოვს – ვინ მიიღებს დახმარებას?

776

თბილისის მერიის ინიციატივას, რომელიც თბილისში მცირე და საშუალო რესტორნების სუბსიდირებას გულისხმობს, 452 ობიექტი გამოეხმაურა. როგორც bm.ge-ს დედაქალაქის ეკონომიკური საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლემონჯავამ განუცხადა, განაცხადების მიღება 5 აპრილს დასრულდა და დოკუმენტაციის განხილვა უკვე დაწყებულია, თუმცა მისივე განმარტებით, წინასწარი ინფორმაციით, განცხადებების ნაწილი დახარვეზდება.

როგორც ცნობილია, მერიას რესტორნების დასაფინანსებლად ორი მთავარი კრიტერიუმი ჰქონდა: მცირე და საშუალო რესტორანში 20-დან 80 სკამამდე უნდა ყოფილიყო და ბოლო 2 თვის განმავლობაში რესტორნის ბრუნვა მაქსიმუმ 100 000 ლარი უნდა იყოს.

„ჩვენ 5 აპრილს დავასრულეთ განაცხადების მიღება და უკვე 6 აპრილს დაიწყო გადარჩევა, დოკუმენტაციის შესწავლა. მიღებულია 450-მდე განაცხადი, მაქსიმუმ 400-მდე ობიექტის დაკმაყოფილება შეგვიძლია, მაგრამ ნაწილი განაცხადების აშკარად დახარვეზდება, რადგან კრიტერიუმში ვერ ჯდება. ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო სკამების რაოდენობა, 20 სკამზე ნაკლების მქონე უკვე სწრაფი კვების ობიექტად ითვლება. კრიტერიუმები თავად სარესტორნო ასოციაციებთან და დარგის წარმომადგენლებთან ერთად შევადგინეთ. 452 ობიექტიდან ნაწილი გაივლის კრიტერიუმებს, ნაწილს უარის მიზეზს ვაცნობებთ“, – განაცხადა ვახტანგ ლემონჯავამ.

მისივე ინფორმაცით, რესტორნებს, რომლებმაც არასწორი დოკუმენტაცია წარადგინეს, მომდევნო კვირეებში ხარვეზის გამოსწორების საშუალება მიეცემათ.

გარდა ამისა, მერიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ თითოეული რესტორანი 5000-ლარიან ვაუჩერს მიიღებს ერთიანად, როგორც კი აპლიკანტების საბოლოო რაოდენობა ჩამოყალიბდება და ეს ყველაფერი სავარაუდოდ 3 კვირის ვადაში მოხდება.

ვახტანგ ლემონჯავას თქმით, პროგრამის საორიენტაციო ბიუჯეტი 2 მლნ ლარია, თუმცა შესაძლოა მეტი ან ნაკლები დაიხარჯოს. თანხა ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა.