მთავრობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ხელმისაწვდომობის პროგრამას აფართოებს.
მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ და დავამტკიცებთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას – რომელიც შეეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებს. ჩვენი გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროგრამა კიდევ უფრო ფართოვდება, კერძოდ: გამოსყიდვის უფლება იჯარით გაცემული „სახნავი“კატეგორიის მიწების გარდა ამ ცვლილებით გავრცელდება „სათიბ“ კატეგორიაზეც. ასევე, უქმდება მიწის ფართობებზე დაწესებული ზედა ზღვარი – თუ აქამდე ნებადართული იყო მხოლოდ 10-ჰექტრამდე იჯარით გაცემული სასოფლო მიწის ნაკვეთის შესყიდვა, ახლა ეს შეზღუდვა საერთოდ მოიხსნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოიჯარეებს შეეძლებათ სახელმწიფოსგან გამოისყიდონ 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით იჯარით გაცემული სახნავი და სათიბი მიწის ნაკვეთები (აქამდე ეს უფლება ვრცელდებოდა მხოლოდ 2020 წლის 23 იანვრამდე იჯარით გაცემულ ნაკვეთებზე), – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, ვინაიდან, ყველა მოიჯარეს თანაბარ პირობებში აყენებს.
„ამავე დროს, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ ინიციატივით საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, კერძო საკუთრებაში დაირეგისტრირონ, დაახლოებით 11 ათას ჰექტრამდე სახნავი მიწა, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 100 მილიონ ლარს. პროგრამის ეფექტიანობისა და მისდამი ინტერესის ზრდაზე ორიენტირებული ეს ცვლილება დამატებითი შესაძლებლობაა სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანებისთვის, რომ მიწა, როგორც აქტივი, უფრო მეტად ჩართონ, მაგალითად, სახელმწიფო პროგრამებში, მოიზიდონ საბანკო დაფინანსება; ზოგადად, მიწის საკუთრებაში ფლობითა და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობით მეწარმეც და სახელმწიფოც უფრო მეტ სარგებელს მიიღებს,“- განაცხადა პრემიერმა.