თბილისის N192 ბაგა-ბაღს ისრაელის საელჩომ საჩუქრები გადასცა

499

თბილისის N192 ბაგა-ბაღს საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი და საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტერ მიკისკა ესტუმრნენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ელჩებმა ბაგა-ბაღს, დაწესებულებაში მოქმედი ე.წ. გარდამავალი ჯგუფისთვის განკუთვნილი ინვენტარი საჩუქრად გადასცა.

მერიის ცნობით, ეს თბილისის მასშტაბით მოქმედი ერთადერთი ბაღია, სადაც ჩეხეთის რესპუბლიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ხელშეწყობით, 2018 წლიდან „გარდამავალი ჯგუფი“ ფუნქციონირებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის მიზანი აუტიზმის სპექტრისა და სხვა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის იმგვარი გარემოს შექმნაა, რაც აღსაზრდელებს ტიპური განვითარების ჯგუფებში უმტკივნეულო და ჰარმონიულ ინტეგრაციას გაუადვილებს.

„პროექტი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ინიციატივით, სამი წლის წინ დაიწყო და მისი ეფექტურობის გამო, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ამასთან, N192 ბაღი პროექტში ჩართულ დონორებთან თანამშრომლობას განაგრძობს. შედეგად, დღეს ისრაელის საელჩომ საჩუქრების ნაკრები – სათამაშოები, ლიტერატურა და სხვა ინვენტარი გადმოგვცა, რისთვისაც სტუმრებს მადლობას ვუხდი. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

ამასთან, მერიის ცნობით, „გარდამავალ ჯგუფს“ ადრეული განვითარების ოთხი სპეციალისტი ხელმძღვანელობს. ჯგუფი საჭირო ინვენტარითა და რესურსით აღიჭურვა, რომლის საშუალებითაც, ნებისმიერი განვითარების მქონე ბავშვისთვის გარემო ხელმისაწვდომი და სასურველი ხდება.

„სპეციალისტები თითოეულ ბავშვთან მათი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მუშაობენ, ბაღის სხვა აღმზრდელებთან თანამშრომლობენ და წინასწარ ათანხმებენ სტრატეგიებს ბავშვების ამა თუ იმ ჯგუფში გადაყვანის შესახებ. ბაღის უკლებლივ ყველა პედაგოგი გადამზადებულია ინკლუზიური განათლების საკითხებში და სპეციალური პედაგოგებისგან ბავშვების რთულ ქცევასთან გამკლავებას სწავლობენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.